საქართველოს პარლამენტი

დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" ოფიციალურად დატოვა

დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" ოფიციალურად დატოვა. თუ პატრიოტთა ალიანსი ერთ კვირაში ვერ მოძებნის მის შემცვლელს, ფრაქცია დაიშლება.

კითხვაზე, მისცემს თუ არა ქართული ოცნება პატრიოტთა ალიანსს ერთ დეპუტატს "მაშველ რგოლად", გია ვოლსკი ამბობს, რომ ამაზე საუბარი არ არის.

"ჩვენ მზად ვართ თუ არა მივცეთ დეპუტატი, ეს გეგონება ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ - ხალხურიდან მაგონდება. ამ თემაზე საუბარი არ არის ზოგადად. ჭიჭინაძეს მაშინ, იმ პერიოდში უნდოდა უმრავლესობის დატოვება, დატოვა და გადავიდა იმ ფრაქციაში, გუნდის წევრი გახდა. გუნდის გარეშე ყოფნა პოლიტიკაში, განსაკუთრებით პარლამენტში, საკმაოდ რთულია. პიროვნულად, მე ვერ მივესალმები ვერანაირი ფრაქციის დაშლას, ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტშია, უნდა ჰქონდეს შესაბამისი დრო, ადგილი, ბიუროში თუ სხვა სტრუქტურებში, იმ მოტხოვნიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნების დროს გამოიხატა“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დავით ჭიჭინაძემ ქართული ოცნება რამდენიმე თვის წინ დატოვა. ის ფრაქცია პატრიოტთა ალიანსს შეუერთდა, რომელიც ნატო ჩხეიძის გასვლის გამო, იშლებოდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლო კვირაში ოთხმა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა. ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს და ამისთვის, დეპუტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომენტარები