სპეციალური პენიტენციური სამსახური

ორთაჭალის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა, მსჯავრდებულები რუსთავში გადაიყვანეს

ორთაჭალაში მდებარე მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა. 248 მსჯავრდებული, ორთაჭალის ციხიდან რუსთავში, მე-16 პენიტენციურ დაწესებულების ტერიოტირიაზე მდებარე შენობაში გადაიყვანეს. შენობა 309 მსჯავრდებულზე არის გათვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შენობა რომელში პატიმრები ორთაჭალიდან გადაიყვანეს  მე-16 დაწესებულებისგან გამიჯნულია.

განცხადებაში წერია, რომ მე-12 დაწესებულების ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც პატიმრებს რთულ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა, რუსთავში მდებარე შენობა კი, თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

"დაწესებულება არის დახურული და ნახევრადღია ტიპის, ოთხ პირზე გათვლილი საკნებით. შენობაში არის დეესკალაციის 5 საკანი, განმარტოების 4 საკანი, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი საკანი (ოთხკაციანი), მოწყობილია სასტუმროს ტიპის 10 ნომერი ხანგრძლივი პაემნებისთვის, ხანმოკლე პაემნების სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ პაემნები მინის ბარიერის გარეშე ჩატარდება. დაწესებულების ტერიტორიაზე არის სპორტული მოედანი, სავარჯიშო მოედანი. ცალკე შენობაშია განთავსებული სამედიცინო ნაწილი, რომელშიც ფუნქციონირებს აფთიაქი, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ოთახი, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება, ელექტროკარდიოგრაფია, ულტრასონოგრაფია და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ასევე უახლოეს მომავალში მოეწყობა რენტგენის ოთახი და დამონტაჟდება ცენტრალური სასტერილიზაციო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით," - წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მე-12 დაწესებულების ახალ შენობაში დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე იქნება განთავსებული.

კომენტარები