ვენესუელა

ვენესუელაში Univision-ის ჟურნალისტები დააკავეს, რადგან მადუროს მათი კითხვა არ მოეწონა

Reuters

ამერიკული მედიის, Univision-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათი გუნდი ვენესუელაში მცირე ხნით დააკავეს, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში ნიკოლას მადუროსთან ინტერვიუს წერდნენ.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა ხორხე რამოსმა მადუროს ვიდეოები აჩვენა, რომელზეც ჩანს, როგორ ჭამენ ვენესუელელები ნაგვის მანქანიდან.

მათ კამერები და სხვა ტექნიკაც ჩამოართვეს. ვენესუელის ინფორმაციის მინისტრის თქმით ისინი იღებენ ასობით ჟურნალისტს, მაგრამ მხარს არ უჭერენ "იაფფასიან შოუებს".

6-კაციანი გუნდი 3-საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მათთვის ტექნიკა და პირადი ნივთები არ დაუბრუნებიათ.

ხორხე რამოსის თქმით მადუროს დემოკრატიის ნაკლებობის, წამების, პოლიტპატიმრების და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ მისი კითხვები არ მოეწონა.

"როდესაც მას ვიდეოები ვაჩვენე, რომელშიც ახალგაზრდები ნაგვის მაქანიდან ჭამენ, ის ადგა. მე მადუროს ვუთხარი, რომ მილიონობით ვენესუელელი და მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი არ მიიჩნევს, არამედ დიქტატორად." თქვა მან.

Univision აშშ-ში წამყვანი ესპანურენოვანი არხია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ჰუმანიტარული დახმარების დასაბლოკად ბრაზილიასთან საზღვარი სრულად, ხოლოდ კოლუმბიასთან საზღვარი ნაწილობრივ დაკეტილია.

ხუან გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

კომენტარები