თამაზ ახობაძის საქმე

ახობაძე: თუ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ხვალ არ შემხვდება, შიმშილობას დავიწყებ

ტაბულა

იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძე, რომელმაც უზენაეს სასამართლოში ორჯერ მოიგო თეა წულუკიანის უწყების წინააღმდეგ საქმე, ამბობს, რომ ხვალ იუსტიციის სამინისტრო მივა და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებს. 

ახობაძის თქმით, მისი მოთხოვნაა, რომ მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე მას შეხვდეს და მისგან მიიღოს პასუხები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. 

"იუსტიციის სამინისტრო თავს არიდებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ხვალ, 2 საათზე მე მივდივარ იუსტიციის სამინისტროში. ჩემი მოთხოვნაა, შევხვდე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ სარჯველაძეს, და მისგან გავიგო პასუხი, რატომ არ ასრულებს იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ ისინი ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. თუ ხვალ მინისტრის მოადგილე არ შემხვდება, ან მისგან ვერ მივიღებ კონკრეტულ პასუხს, რას აპირებს სამინისტრო, ხვალვე იუსტიციის სამინისტროს წინ ვიწყებ შიმშილობას,"- ამბობს ახობაძე. 

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 2018 წლის 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ახობაძის მიმართ ამ დრომდე არ შეუსრულებია - იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს ახობაძის დანაშაულის პრევენციის ცენტრში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

კომენტარები