გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ ხეჩუაშვილს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ენმ

ევროპული საქართველოს წევრის, გივი თარგამაძის, მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, დავით ხეჩუაშვილი, რომელიც ამ დრომდე ძებნაში იმყოფება, სასამართლომ დამნაშავედ ცნო გივი თარგამაძის "დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე და მას დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა". 

საქალაქო სასამართლოს განცხადება:

"დ.ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში-ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს  და ჯანმრთელობას ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც უკანონოდ ატარებდა და რაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა, მან აფეთქებით დააზიანა  და გაანადგურა სხვისი ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და მძიმე შედეგი გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით, ამ უკანასკნელზე თავდასხმას, კერძოდ, მან თანამზრახველებთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:09 საათზე, მას შემდეგ რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ პარლამენტარი თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილში ჩაჯდა, მან საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ხოლო, ორგანიზაციებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ძებნილი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა". 

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ევროპული საქართველოს წევრი მისი აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღო. გივი თარგამაძის შეფასებით, პროკურატურას მისი აფეთქების მოტივის გამოძიების მცდელობაც კი არ აქვს.

გივი თარგამაძემ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიებაც ჩაატარა. მისი ინფორმაციით, აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობდა.

კომენტარები