აშშ-ის საელჩო: საქართველოს იმიჯზე მნიშვნელოვნად აისახება ის, თუ როგორ გადაწყდება TBC-ის საქმე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

"ის, თუ როგორ გადაწყდება TBC ბანკის საქმე, მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს იმიჯზე" - ასე ეხმაურება საქართველოს აშშ-ის საელჩო TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

ამის შესახებ საელჩოს წარმომადგენლებმა სააგენტო "აქცენტთან" ისაუბრეს

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. იმას, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს იმიჯზე ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებით" - აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო. 

მათივე თქმით, საინვესტიციო გარემოს კუთხით მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესდავების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმოება. 

საქართველომ ბიზნეს–გარემოს გაუმჯომებესების მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის Doing Business რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-9 პოზიციიდან მე-6-მდე დაწინაურდა. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის უზრუნველჰყოს შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკის სრულფასოვნად აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიზნეს-დავების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმოება. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას აშშ-საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაფართოებისთვის და საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო, ლოჯისტიკური და ენერგეტიკული დერეფნების უმნიშვნელოვანესი კერა," - აცხადებენ საელჩოში. 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

26 თებერვალს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც იყვნენ მიწვეულები. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა. 

რომან კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო.  ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, თუმცა ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

კომენტარები