მუსიკა

The Cure-ისა და Iggy Pop-ის ყოფილი დრამერი ენდი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ენდი ანდერსონი, რომელიც სხვადასხვა დროს Iggy Pop-ისა და The Cure-ის დრამერი იყო 26 თებერვალს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

1 კვირით ადრე ანდერსონმა Facebook-ზე დაწერა, რომ სიმსივნის ბოლო სტადიაზე იმყოფებოდა. 

"გთხოვთ, არ იგლოვოთ კომენტარებში, უბრალოდ, პოზიტიურებად დარჩით. ჩემთვის ეს მხოლოდ კიდევ ერთი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელმაც კიდევ ერთი არჩევანი უნდა გამაკეთებინოს ცხოვრებაში. მარტივად მიიღეთ. მე მართლა პოზიტიურად ვარ განწყობილი,"- წერდა ანდერსონი. 

The Cure-ის დამფუძნებელმა წევრმა, ლოლ თოლჰერსთმა, დაადასტურა ანდერსონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. 

"ენდი ანდერსონი ჭეშმარიტი ჯენტლმენი და დიდებული მუსიკოსი იყო იუმორის გამორჩეული გრძნობით, რომელიც ცხოვრების ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მას ვიცნობდით," - დაწერა თოლჰერსთმა Twitter-ზე.

 



ანდერსონი ბრიტანულ როკ ბენდს 1983 წელს შეუერთდა, როდესაც მაშინდელმა დრამერმა ლორენს "ლოლ" თოლჰერსთმა კლავიშებზე გადაინაცვლა. მან თავდაპირველად ჯგუფისთვის სიმღერებში "Speak My language" და "The Love Cats" შეიტანა წვლილი. ეს ორი სიმღერა დიდ ბრიტანეთში The Cure-ის ტოპ 10 სიმღერაში შევიდა. ამასთან, ანდერსონი რობერტ სმითსა და თოლჰერსტს 1984 წელს გამოშვებული The Top-ის ჩაწერაშიც ეხმარებოდა და მათ კონცერტზეც დაუკრა. 


ენდი ანდერსონი 1951 წელს ლონდონის მახლობლად დაიბადა. მისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯგუფ Hawkwind-ის წევრებს შორის აღმოჩნდა და მათთან ერთად არაერთ პროექტზე იმუშავა. ანდერსონი Hawkwind-თან ერთად იყო 1983 წლის ტურზე, თუმცა მას არასდროს ჩაუწერია მათთან ერთად სიმღერაა. ამის ნაცვლად, ანდერსონი რობერტ სმითს, Siouxsie-სა და The Banshees'-ის გაუერთიანდა 1983 წელს შექმნილ პროექტში, სახელწოდებით The Glove, რომელმაც თავისი პირველი და ერთადერთი ალბომი, სახელად Blue Sunshine იმავე წელს გამოუშვა. 


The Cure-დან წამოსვლის შემდეგ, ანდერსონს დიდი და წარმატებული კარიერა ჰქონდა, როგორც სესიურ მუსიკოსს. ის მუშაობდა ისეთ წამყვან მუსიკოსებთან და ბენდებთან ერთად, როგორიცაა Iggy Pop, Jeffrey Lee Pierce, The Sex Pistols'-ის გლენ მათლოკი, ედუინ კოლინსი, პიტერ გაბრიელი და ისააკ ჰეიესი. ბოლო დროს ანდერსონი სოლო შემსრულებლად მუშაობდა, თუმცა ალბომი არ გამოუშვია.

კომენტარები