ინდოეთი-პაკისტანი

პაკისტანი ირწმუნება, რომ ინდოეთის კუთვნილი 2 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო

EPA

პაკისტანი ირწმუნება, რომ ინდოეთის ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

მათი განცხადების მიხედვით ორივე თვითმფრინავი პაკისტანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორივე პილოტი დააკავეს.

ინდოეთში ამის შესახებ კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩამოაგდეს პაკისტანის ერთი თვითმფრინავიც, თუმცა პაკისტანში ამ ცნობას უარყოფენ.

პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მათი თქმით დაკავებული ინდოელი პილოტი ჩანს. ვიდეოში პილოტს თვალები აქვს ახვეული და სახეზე სისხლის აქვს.

ინდოეთმა ქაშმირის თავზე საჰაერო მოძრაობა შეზღუდა და ფრენები გადადო. ფრენები შეზღუდა პაკისტანმაც. ორივე ქვეყანაში ამბობენ, რომ ვითარების ესკალაცია არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინდოეთმა ქაშმირში, 1971 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან საჰაერო დარტყმები განახორიელა.

მათი თქმით სამიზნეს დაჯგუფება ჯაიშ-ე-მუჰამედის საწვრთნელი ბანაკი წარმოადგენდა და დარტყმების შედეგად დაჯგუფების ბევრი მებრძოლი მოკლეს.

პაკისტანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ინდოეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა 7 კილომეტრი დაფარეს, რის შემდეგაც პაკისტანის საჰაერო ძალებმა ისინი უკან გააბრუნეს. მათი განცხადების მიხედვით თვითმფრინავებმა ასაფეთქებელი მასალა საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებამდე დაცალეს და ამას მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია.

პაკისტანის პრემიერმინისტრის, იმრან ხანის თქმით ეს პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დარღვევაა და პაკისტანს შესაფერისი საპასუხო ქმედები და თავდაცვის უფლება აქვს.

საჰაერო დარტყმები მას შემდეგ დაიწყო, რაც 15 თებერვალს ქაშმირში, ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით ავტობუსს დაეჯახა, რომელშიც ინდოეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 44 სამხედრო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ჯაიშ-ე-მუჰამედმა აიღო. ინდოეთმა პაკისტანს მოუწოდა ემოქმედა დაჯგუფების წინააღმდეგ და აღარ მიეცა მისთვის საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედების საშუალება.

"მოვითხოვთ, რომ პაკისტანმა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა და ტერორისტული ჯგუფების მოქმედება მის ტერიტორიაზე. ასევე, მოარღვიოს ის ინფრასტრუქტურა, რასაც ტერორისტები სხვა ქვეყნებზე თავდასხმის განსახორციელებლად იყენებენ." ნათქვამი იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

ჯაიშ-ე-მუჰამედი ქაშმირის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე მძლავრი დაჯგუფებაა. მათ 2001 წელს ინდოეთის პარლამენტზეც განახორციელეს თავდასხმა.

კომენტარები