ვენესუელა

გაეროში რუსეთის ელჩი ხუან გუაიდოზე: ქუჩიდან მოსული თვითმარქვიაა

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ, ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს, "ქუჩიდან მოსული თვითმარქვია" უწოდა. 

გაეროს ტრიბუნიდან თავის სიტყვით გამოსვლაში რუსეთის წარმომადგენელმა აშშ და დასავლური ქვეყნები "ვენესუელის სუვერენიტეტის დარღვევაში" დაადანაშაულა. 

"მათ, ვისაც ყურადღება გაეფანტა, მოკლედ შევახსენებ, რა მოხდა. დამოუკიდებელ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მოულოდნელად გამოჩნდა თვითმარქვია, რომელმაც ქუჩაში საკუთარი თავი თვითონვე გამოაცხადა ქვეყნის პრეზიდენტად და რამდენიმე წუთში ის აშშ-მაც აღიარა. ევროპულმა და რიგმა ლათინოამერიკულმა ქვეყნებმა, მიმბაძველობით, ასევე აღიარეს ეს სუბიექტი პრეზიდენტად. ქვეყნის ლეგიტიმური ლიდერმა კი, ნიკოლოს მადურომ, ამ ქვეყნების ჯგუფის აზრით, გასულ გაზაფხულს არჩევნებში უსამართლოდ გაიმარჯვა, რადგანაც ოპოზიციას მისთვის ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული,"- თქვა ნებენზიამ. 

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

კომენტარები