ირანი

ირანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომაზე უარი უთხრა

ჯავად ზარიფი და ჰასან როუჰანი
Reuters

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის გადადგომის თხოვნა არ მიიღო.

"რამდენადაც უზენაესი ლიდერი მას "სანდო, მამაც და რელიგიურ" ადამიანად მიიჩნევს, რომელიც აშშ-ის ზეწოლის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვის, მიმაჩნია, რომ მისი გადადგომის მიღება ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იქნება და ამიტომ უარს ვამბობ." წერია როუჰანის წერილში.

ჯავად ზარიფმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა. მან მთავრობაში ყოფნისას დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოიხადა. მას გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანაში რადიკალური ფრაქციების მიერ მასზე გაზრდილი ზეწოლის შედეგია.

ზარიფი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების შექმნაში, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა, შეთანხმების ბედი გაურკვეველია.

59 წლის ზარიფს განათლება ამერიკაში აქვს მიღებული და დენვერის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხიც მიიღო. 2013 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე ის გაეროში ირანის ელჩი იყო.

კომენტარები