აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე კარასინის გაფრთხილებაზე: არ ვიცი რას გულისხმობდა

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის თქმით, მან არ იცის თუ რა იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, როცა ქართველი კოლეგები "უსიამოვნო მოულოდნელობების" შესახებ გააფრთხილა. 

"ვერ გეტყვით რას გულისხმობდა, იმიტომ რომ ასეთი რედაქციით მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს, როგორც წინა შეხვედრებზე მან ისაუბრა მათ დამოკიდებულებაზე ნატო-ს მიმართ და ის თუ რამდენად შეშფოთებულები არიან ჩვენი თანამშრომლობით ალიანსთან",- უთხრა აბაშიძემ რუსთავი 2-ს სატელეფონო საუბარში.

მისი თქმით, საუბარი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. 

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა პრაღაში გუშინ, 27 თებერვალს გაიმართა. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქართველ კოლეგებს აფრთხილებს.

"ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის", - თქვა გრიგორი კარასინმა. რადიო თავისუფლება წერს, რომ რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.

კომენტარები