რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია კარასინზე: რუსეთის მხრიდან მუქარა ჩვეულებრივი რიტორიკის ნაწილია

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გაფრთხილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მუქარა ჩვეულებრივი რიტორიკის ნაწილია. "პალიტრანიუსის" კითხვაზე, "როგორ უნდა მივიღოთ კარასინის გაფრთხილება, რაიმე მინიშნებად ჩავთვალოთ თუ პირდაპირ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავთარგმნოთ", გიგა ბოკერია პასუხობს, რომ "მე არ მინდა სპეკულირება იმაზე, რაზეც არ თქმულა პირდაპირ არაფერი". მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუქარა არაერთხელ მოგვისმენია.

"მუქარა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვეულებრივი რიტორიკის ნაწილია. შეიძლება, ზუსტად იდენტური განცხადება ბატონ კარასინს არ გაუკეთებია, მაგრამ მრავალჯერ გვახსოვს ჩვენ მუქარა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს, როგორც წესი ეხება ხოლმე ზოგადად იმას, რომ "უჩვენოდ, ის, რაც ჩვენ არ მოგვეწონება, არ გააკეთოთ, თორემ ამას ექნება ცუდი შედეგები". ამაში შედის თუ არა ანაკლიის პორტი, მე არ მინდა ამაზე სპეკულირება, თუმცა, ვერსიას, რომ ამ პროექტთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება უარყოფითია, საფუძველი, რა თქმა უნდა, აქვს" - თქვა ბოკერიამ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქართველ კოლეგებს აფრთხილებს.

"ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის", - თქვა გრიგორი კარასინმა. რადიო თავისუფლება წერს, რომ რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმართა. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრის თემები სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხებია. მანვე აღნიშნა, რომ არ იცის თუ რა იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, როცა ქართველი კოლეგები "უსიამოვნო მოულოდნელობების" შესახებ გააფრთხილა. 

კომენტარები