აბაშიძე-კარასინი

კანდელაკი: მთავრობა არ მუშაობს, რომ დასავლეთის ლიდერებმა პუტინთან საქართველოზე ისაუბრონ

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გუშინდელი გაფრთხილების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პრეტენზიები არა კარასინთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან უნდა გვქონდეს, რადგან მთავრობა არ მუშაობს, რომ საქართველოს საკითხი დასავლეთის ლიდერების პუტინთან შეხვედრის დროს აქტიურად იდგეს. კანდელაკის თქმით, რუსეთის მტრული დამოკიდებულება საქართველოს თავისუფლებასთან და არსებობასთან დაკავშირებით ისედაც ცნობილია.

"რუსეთი მსგავს განცხადებებს აკეთებდა ადრეც, წლების წინაც, ბალტიიპირეთის ქვეყნებთან მიმართებაშიც ზუსტად იგივე გზავნილები ჰქონდა, სანამ ისინი ნატოს წევრები გახდებოდნენ. პრობლემა ის კი არ არის რას იტყვის კარასინი, პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკის შედეგად, მაგალითად ამერიკის პრეზიდენტი ან გერმანიის კანცლერი, რომ ხვდებიან პუტინს, იმ შეხვედრაზე საქართველოს თემას თავისუფალი ქვეყნების ლიდერები არ წამოჭრიან ხოლმე. რატომ არ წამოჭრიან?! იმიტომ რომ ამაზე არ მუშაობს საქართველოს მთავრობა. სულ ცოტა ხნის წინ, როცა მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა პრემიერი, ჩვენ მას მოვუწოდეთ, მაგრამ მაინც არ დააყენა მაგალითად სანქციების ახალ პაკეტში საქართველოს თემატიკის შეტანის საკითხი. არ მოითხოვა და თუ არ მოითხოვე, რატომ მოგეცემა? რუსეთის მტრული დამოკიდებულება ჩვენს თავისუფლებასთან და არსებობასთან დაკავშირებით ცნობილია და ისიც ცნობილია, რომ ნატოში გაერთიანებაზე უარი რომ თქვას საქართველომ, რუსეთი მაინც არ აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დააბრუნებს ჩვენს დევნილებს, რომლების საკუთარი სახლებიდან გამოდევნა. ამიტომ პრეტენზია არის არა კარასინთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ დასავლეთის ლიდერები როცა ხვდებიან პუტინს, მათ წამოჭრან ხოლმე საქართველოს საკითხი. ევროპული საქართველო დიდი ხანია საუბრობს ამაზე, რომ ჩვენი საკითხის ამ დღის წესრიგიდან გაქრა," - ამბობს კანდელაკი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქართველ კოლეგებს აფრთხილებს. "ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის", - თქვა გრიგორი კარასინმა. რადიო თავისუფლება წერს, რომ რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმართა. ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრის თემები სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხებია. აბაშიძე ამბობს, რომ არ იცის რა იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, როცა ქართველი კოლეგები "უსიამოვნო მოულოდნელობების" შესახებ გააფრთხილა. 

კომენტარები