თამაზ ახობაძის საქმე

ზოიძე ახობაძეზე: ყველამ უნდა ნახოს სამართალი, მჯერა, რომ წულუკიანი ამას ხელს შეუწყობს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძის შიმშილობას ეხმაურება. ტაბულასთან საუბრისას ზოიძე ამბობს, რომ "ყველა ადამიანმა უნდა ნახოს თავისი სამართალი" და მას სჯერა, რომ მინისტრი წულუკიანი ამას ხელს შეუწყობს. 

"მე რამდენადაც ვიცი, ჩემი ინფორმაციით, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილება გარკვეულწილად მიღებულია, მაგრამ იქ ახლა დეტალები, დავის საგანი რა რჩება, რომ პოზიცია აღარ არსებობს, კომპენსაციის გადახდაზეა საუბარი დამატებით, თუ რა კონკრეტიკა არის ამასთან დაკავშირებით. მე მჯერა, რომ სასამართლო, თუ სჭირდება ამას დამატებითი სამართლებრივი გადაწყვეტილება, ამას გააკეთებს, თუ არადა სამართალი ყველა ვარიანტში აღსრულებული უნდა იყოს,"- ამბობს ზოიძე ტაბულასთან საუბრისას. 

ტაბულას ჟურნალისტმა დეპუტატს შეახსენა, რომ თამაზ ახობაძემ სამართლებრივი დავა იუსტიციის სამინისტროსთან უზენაეს სასამართლოში 2-ჯერ მოიგო, რაზეც აკაკი ზოიძე პასუხობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ მხრივ აქვს თავისი არგუმენტები. 

"ე.ი რაღაც სამართლებრივ ხარვეზზეა ლაპარაკი, თორემ მე არ მჯერა, რომ ქალბატონი თეა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმათ თავისი არგუმენტები აქვთ.

მე რაც ვიცი, იმ ნაწილში, რაზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, რომ აღასრულოს გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით. შეიძლება, მე ვცდები და დამატებით დეტალები კიდევ არ ვიცი. გულახდილად ვამბობ, მაგრამ არის საუბარი კომპენსაციის გადახდაზე იქ, სადაც მოხდა სამართლის დადგენა, რომ სამართალი არის ბატონი ახობაძის მხარეს, ამ კუთხით, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, რომ სამართალი აღასრულოს, მაგრამ უკვე შემდგომი ინტერპრეტაცია/დავა, მე კიდევ ერთხელ, როგორც პარლამენტის წევრმა, შემიძლია, ვთქვა, რომ მე მჯერა, რომ ქალბატონი თეა აუცილებლად აღასრულებს, როგორც იუსტიციის მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას და ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამართლის აღსრულების საშუალება ამ ქვეყანაში. ჩემთვის ეს ორი ძვირფასია,"- ამბობს აკაკი ზოიძე.

უწყებიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა 27 თებერვალს მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ სარჯველაძეს, შეხვდა და როგორც თავად ამბობს, მისგან კონკრეტული პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეასრულებს უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვერ მიიღო. 

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 2018 წლის 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ახობაძის მიმართ ამ დრომდე არ შეუსრულებია - იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს ახობაძის დანაშაულის პრევენციის ცენტრში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა.

კომენტარები