ბავშვთა უფლებები

სკოლამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ადგილსამყოფელის კონფიდენციალობა ვერ დაიცვა - ანგარიში

0 კომენტარი
ფოტო: University of Minnesota

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს რამდენიმე საჯარო სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის მიხედვით, სკოლამ ვერ უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ადგილსამყოფელის კონფიდენციალობის დაცვა და ის მოძალადე მშობლისთვის გახდა ცნობილი.

"ინსპექტორის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომლის მშობელსაც დამცავი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ბავშვთან კომუნიკაცია და მიახლოება. ბავშვი ცხოვრობდა თავშესაფარში და მას მზრუნველობას უწევდა სახელმწიფო. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი საცხოვრებელი ადგილის (ქალაქის) და სკოლის შეცვლა. მიუხედავად ამისა, მშობელმა შეიტყო მისამართი და გამოცხადდა სკოლაში. შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლამ, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბავშვი, ვერ უზრუნველყო მობილობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. კერძოდ, სკოლამ არაუფლებამოსილ მასწავლებელს, ფოსტის სერვისცენტრში ჩასაბარებლად, დაულუქავი ფორმით გადასცა მოსწავლის დოკუმენტაცია", - წერია ინსპექტორის ანგარიშში.

უწყება აღნიშნავს, რომ მოსწავლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვის ინტერესები, საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ უსაფრთხოებას.

ინსპექტორმა სკოლა სამართალდამრღვევად ცნო და კონკრეტული მითითებები გასცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სკოლამ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, კერძოდ, გამართა შეხვედრა სკოლის ყველა თანამშრომელთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; განამტკიცა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი სკოლის შინაგანაწესში, შეიძინა შესაბამისი კონვერტები და დაადგინა კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით და დახურული ფორმით გაგზავნის პროცედურა. 

გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო კიდევ ერთი სკოლა, დააკისრა ჯარიმა და მისცა დავალებები შემდგომი დარღვევების პრევენციისთვის. ამ შემთხვევაში საქმე ეხება არასრულწლოვნის მონაცემების ჟურნალისტისთვის გადაცემას. 

"ერთ-ერთმა მშობელმა ინსპექტორს აცნობა, რომ საჯარო სკოლამ ჟურნალისტს გადასცა მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების შემცველი განცხადება, რომელიც მოსწავლის თანაკლასელებთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. დადგინდა, რომ ჟურნალისტს განცხადება გააცნო სკოლის დირექტორმა და ნება დართო, მისთვის ფოტო გადაეღო, ჟურნალისტმა კი მიღებული მასალა სტატიის სახით გამოაქვეყნა. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა და მიეცა დავალებები შემდგომში დარღვევების პრევენციისთვის", - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში.

არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ინსპექტორის რეკომენდაციები ასეთია:

  • ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე;
  • არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე.

2018 წელს მოქალაქეებისა და განათლებისა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.

ინსპექტორი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

"განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სკოლებს, სადაც მოსწავლეების შესახებ მოცულობითი და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ინახება, ვინაიდან ამ მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებამ, მით უფრო გამჟღავნებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნის შემდგომ ცხოვრებაზე, შეზღუდოს მისი პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები", - აღნიშნავს ინსპექტორი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები