ტაქსები

1 მარტიდან, ტაქსის მძღოლები მანქანის გადაღებვის და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

თეთრი ტაქსები
flickr.com

1 მარტიდან, ტაქსის მძღოლები მანქანის გადაღებვის და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ვაუჩერები ეკუთვნით 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებულ მარცხენასაჭიან, ხუთკარიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება.

"ერთია მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა მანქანა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე - ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით.

სათანადო ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge და შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ რეფორმაზე" - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ყველა ტაქსი თეთრი უნდა იყოს. ტაქსის მძღოლები გადაღებვის ვაუჩერებს ავტომობილებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ იღებენ. რეკლამის განთავსების ლიცენზიის ხანგრძლივობა 2 წელი იქნება. 

ტაქსებისთვის თეთრი ფერით მოძრაობა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გახდება სავალდებულო.

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. 

კომენტარები