ინდოეთი-პაკისტანი

პაკისტანი ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტს ინდოეთში დღეს დააბრუნებს

Reuters

პაკისტანი ჩამოგდებული საბრძოლო თვითმფრინავის პილოტს ინდოეთში დღეს დააბრუნებს. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერმინისტრმა იმრან ხანმა თქვა.

ხანის თქმით ეს "სამშვიდობო ჟესტი" იქნება, რათა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა განიმუხტოს:

"იმის გამო, რომ მშვიდობა გვსურს, ვაცხადებ, რომ ღია მოლაპარაკებებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება პაკისტანის მიერ ინდოეთის საჰაერო ძალების ოფიცრის გათავისუფლება." თქვა მან.

იმრან ხანმა ინდოეთს მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა. "იმ იარაღით რაც თქვენ გაქვთ და რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ არასწორი გათვლების უფლება არ გვაქვს. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, სად მიგვიყვანს ვითარების ესკალაცია?" თქვა მან. ინდოეთი და პაკისტანი ატომურ იარაღს ფლობენ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის საბრძოლო თვითმფრინავი პაკისტანის ტერიტორიაზე 27 თებერვალს ჩამოადგეს. 

პილოტის ვიდეო პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა. ვიდეოში მას სისხლიანი ფორმა აცვია. ვიდეოს გავრცელება ოფიციალურმა დელიმ დაგმო და საერთაშორისო ნორმების ვულგარული დარღვევა უწოდა.

26 თებერვალს ინდოეთმა ქაშმირში, 1971 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან საჰაერო დარტყმები განახორიელა.

მათი თქმით სამიზნეს დაჯგუფება ჯაიშ-ე-მუჰამედის საწვრთნელი ბანაკი წარმოადგენდა და დარტყმების შედეგად დაჯგუფების ბევრი მებრძოლი მოკლეს.

პაკისტანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ინდოეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა 7 კილომეტრი დაფარეს, რის შემდეგაც პაკისტანის საჰაერო ძალებმა ისინი უკან გააბრუნეს. მათი განცხადების მიხედვით თვითმფრინავებმა ასაფეთქებელი მასალა საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებამდე დაცალეს და ამას მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია.

პაკისტანის პრემიერმინისტრის, იმრან ხანის თქმით ეს პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დარღვევაა და პაკისტანს შესაფერისი საპასუხო ქმედები და თავდაცვის უფლება აქვს.

საჰაერო დარტყმები მას შემდეგ დაიწყო, რაც 15 თებერვალს ქაშმირში, ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით ავტობუსს დაეჯახა, რომელშიც ინდოეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 44 სამხედრო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ჯაიშ-ე-მუჰამედმა აიღო. ინდოეთმა პაკისტანს მოუწოდა ემოქმედა დაჯგუფების წინააღმდეგ და აღარ მიეცა მისთვის საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედების საშუალება.

"მოვითხოვთ, რომ პაკისტანმა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა და ტერორისტული ჯგუფების მოქმედება მის ტერიტორიაზე. ასევე, მოარღვიოს ის ინფრასტრუქტურა, რასაც ტერორისტები სხვა ქვეყნებზე თავდასხმის განსახორციელებლად იყენებენ." ნათქვამი იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

ჯაიშ-ე-მუჰამედი ქაშმირის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე მძლავრი დაჯგუფებაა. მათ 2001 წელს ინდოეთის პარლამენტზეც განახორციელეს თავდასხმა.

კომენტარები