ბავშვთა უფლებების კოდექსი

პარლამენტში ბავშვთა უფლებების კოდექსის განხილვას მმკ ესწრება

პარლამენტი

პარლამენტში ბავშვთა უფლებების კოდექსის განხილვას მმკ ესწრება. 

რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ სოფო კილაძის, ანრი ოხანაშვილის და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებულ "ბავშვთა უფლებების კოდექსს".

თუმცა, ჯერჯერობით მათ არ უთქვამთ, რატომ ესწრებიან კანონპროექტის განხილვას. 

კანონპროექტი პარლამენტში 13 თებერვალს დარეგისტრირდა. მის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "არ არსებობს ბავშვის უფლებების დაცვის ერთიანი ხედვა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბავშვის უფლებათა დაცვის ძლიერი სისტემა. ასევე, წერია, რომ არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც გააძლიერებდა ოჯახს, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს და განსაზღვრავდა ოჯახის განსაკუთრებულ როლს ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოს უზრუნველყოფაში. ბავშვთა სიღარიბე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. 

პრევენციული მექანიზმების ნაკლებობა იწვევს სიღარიბის, კრიმინალის, სხვადასხვა მავნე ჩვევების და დამოკიდებულებების (ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ალკოჰოლიზმი), ძალადობის ზრდას საზოგადოებაში და სახელმწიფო მუდმივად არის რეაგირების რეჟიმში, რაც დიდ მორალურ ზიანთან ერთად ინდივიდებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის, დიდ მატერიალურ დანახარჯებს იწვევს ქვეყნისთვის. ცნობილია, რომ პრევენციაში ჩადებული თანხა, ერთი ათად უბრუნდება ქვეყანას სიკეთის სახით სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, ფინანსური სიკეთით. მნიშვნელოვანია არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის მოხალისეობის პროგრამების წახალისების, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს სოლიდარული, მზრუნველი საზოგადოების ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ერთიანი ხედვის, სამართლებრივი საფუძველის არარსებობის პირობებში, ფაქტობრივად შეუძლებელია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კოდექსის მიღებით იქმნება სახელმწიფოს სისტემური ხედვა, სამართლებრივი საფუძველი ბავშვის კეთილდღეობისთვის". 

კანონპროექტის ავტორების აზრით, სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ემსახურება ეს კანონპროექტი.

საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილებას 21 თანმდევ კანონში ითვალისწინებს. 

კომენტარები