ესტონეთი

ესტონეთის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, პრემიერი ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი გახდება

კაია კალასი
AFP

ესტონეთში გამართულ არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა "რეფორმის პარტიამ" მმართველი პარტია დაამარცხა.

მათ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 29% მიიღეს, ხოლო მმართველმა ცენტრისტულმა პარტიამ 23%.

პრემიერმინისტრი სავარაუდოდ რეფორმის პარტიის ლიდერი, კაია კალასი გახდება. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერმინისტრი იქნება.

არჩევნებში მესამე ადგილი ულტრა-მემარჯვენე კონსერვატიულმა ესტონეთის სახალხო პარტიამ დაიკავა. ისინი ევროკავშირის წევრობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდნენ. ისინი ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკას უჭერდნენ მხარს და ამომრჩევლებს გადასახადების შემცირებას ჰპირდებოდნენ. მათ ხმათა 18% დააგროვეს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ორმაგი ზრდაა.

კალასის თქმით კოალიციისათვის ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, თუმცა სახალხო პარტია მათი არჩევანი არ იქნება.

ამჟამად ცენტრისტულ პარტიასთან ერთად სამთავრობო კოალიციაში მყოფმა სამამულო (Isamaa) და სოციალ დემოკრატიულმა პარტიებმა 11,4 და 9,8 პროცენტი მიიღეს.

არ გამორიცხავენ, რომ კოალიცია რეფორმის და ცენტრისტულ პარტიებს შორის შედგეს. მათი პოზიცია ემთხვევა ისეთ საკითხებზე, როგორისაა ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, თუმცა განსხვავდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ესტონურ და რუსულენოვანი სკოლების სისტემა. რეფორმის პარტიას ორენოვანი სისტემის მოშლა სურს.

არჩევნებში მონაწილეობა ხმის მიცემის უფლების მქონეთა 63%-მა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა თითქმის მეოთხედმა ხმა ელექტრონული სისტემის საშუალებით მისცა.

კომენტარები