ევროპული საქართველო

ბოკერია: იმ სხდომის დახურვა, სადაც აბაშიძეს უსმენდნენ, საზოგადოების უპატივცემულობა იყო

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საგარეო კომიტეტის სხდომის დახურვა, სადაც რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, უსმენდნენ, "უკანონობა და საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცედურების უპატივცემულობა იყო". 

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, იმ კითხვებზე, რაც ოპოზიციას ჰქონდა აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბოლო, 27 თებერვალს გამართული შეხვედრის შესახებ ვერც დამაჯერებელი პასუხები მიიღეს და ვერც ადეკვატური ახსნა-განმარტება. 

"თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ კონკრეტულ საკითხს, მაგალითად მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებების დეტალებზე, ყველაფერი დანარჩენი უნდა ყოფილიყო საჯარო და საზოგადოებას უნდა მოესმინა და ეს არის ძალიან ცინიკური დამოკიდებულება უმრავლესობის მხრიდან, რომ ამ საბაბით იქმნიან კომფორტს. ეს ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს,"- ამბობს ბოკერია. 

მისი თქმით, მმართველ გუნდში რუსეთთან დაკავშირებით არ არსებობს პოლიტიკური ნება ან ხედვა და ის პასუხები, რომლებიც ოპოზიციამ მოისმინა, კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ დიპლომატებს არ აქვთ კონკრეტული დავალება, რომ დასვან ეს საკითხები იმ ფორმით, რაც საქართველოს ინტერესებში შედის. 

"ერთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ იმ დავაზე, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს და საქართველომ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ უნდა გვეწარმოებინა დიალოგი რუსეთთან და თუ არ გვექნებოდა შედეგი, მერე მისაღები იქნებოდა ჩვენი სარჩელი. კონკრეტული კითხვა დავსვით - ეს დავალება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაქვთ თუ არა, რომ ან ჟენევის ფარგლებში, ან აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ჩვენ ეს საკითხი დავსვათ, რომ მერე სასამართლოში გზა ხსნილი გვქონდეს. ამდენი წელი გავიდა. არ აქვთ ეს გადაწყვეტილება მიღებული. ისევე, როგორც უამრავი მაგალითის დასახელება, როგორ იქნა გამოყენებული ეს ფორმატი, როგორც პიარი ცრუ ვითომ პროგრესის დასახატად, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა,"- თქვა ბოკერიამ. 

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ითხოვს თუ არა საპარლამენტო უმცირესობა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას, რაზეც ბოკერიამ უპასუხა, რომ აუცილებელი არ არის ეს ფორმატი გაუქმდეს, უბრალოდ, ის უნდა გადავიდეს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. 

"არ არის აუცილებელი, რომ ეს ფორმატი გაუქმდეს, ჟენევის ფარგლებში რომ იყოს ეს იქნებოდა სწორი. ყოველ შემთხვევაში, როგორი ფორმატიც არ უნდა იყოს, და ეს ჩემი მყარი პოზიციაა, რომ ჟენევის ფარგლებში უნდა იყოს ყველა ტიპის დიალოგი, მათ შორის, რუსეთთან პირისპირ დიალოგიც, არ უნდა იყოს პიარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უკან წევს. 

ამას გარდა, კონკრეტული მაგალითები მოვუყვანეთ ჩვენ მათ. აი, როდესაც მერკელს ხვდებოდა ჩვენი პრემიერმინისტრი. მთელი ევროპის პრესა იდგა მის წინ და გვერდზე ედგა გერმანიის კანცლერი. ოთხოზორია-ტატუნაშვილის ხსენება ამ დროს, როცა გეკითხებიან რუსეთის ქმედებებზე, რატომ არ შეიძლება, რომ მოუვიდეს თავში პრემიერმინისტრს, როცა ასეთი მომენტი გაქვს და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ხარ. აი, ეს არის ის მაგალითები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმართა, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ოფიციალურ თბილისს "უსიამოვნო მოულოდნელობებით დაემუქრა". 

საგარეო კომიტეტის სხდომა, რომელზეც აბაშიძეს უსმენდნენ, ქართული ოცნების დეპუტატების მოთხოვნით და კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას, გადაწყვეტილებით დაიხურა. ოპოზიციური პარტიები ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ითხოვდნენ, სხდომა ღია ყოფილიყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები