გახარია ხაზარაძეზე: პრივილეგირებული ბიზნესმენის ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობაა

ტვ პირველი

გიორგი გახარიას თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, რომ შს მინისტრი მას ემუქრებოდა, "ერთი პრივილიგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობაა, სხვა ყველაფერი კი - ტყუილი". 

"სხვა ყველაფერი არის ტყუილი. სხვა სიტყვებით ვთქვა? კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. 

რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით", -- თქვა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტების სხვა კითხვებს მან არ უპასუხა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებელი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარსდგა. მან დეტალურად ისაუბრა 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე, რომელსაც პროკურატურა 10-11 წლის შემდეგ იძიებს. ასევე, თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს მუქარის შემცველი წერილი მისწერა და განხორციელდა კიბერ-შეტევა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ მუქარაზე განცხადებების გამო, მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავენ.

ამასთან, ევროპული საქართველო TBC ბანკის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს.

კომენტარები