ვენესუელა

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ქვეყანაში დაბრუნდა

CNN

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ქვეყანაში დაბრუნდა. კარაკასის აეროპორტში მას მხარდამჭერები დახვდნენ.

კრიზისში მყოფ ქვეყანაში დაბრუნება გუაიდომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე SoundCloud-ზე ატვირთული ხმოვანი შეტყობინებით დააანონსა.

"იმ დროისთვის, როცა ამ შეტყობინებას მოისმენთ, მე უკვე სახლისკენ მიმავალ გზაში ვიქნები. ჩვენ იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე. უზურპატორი ჩვენს რეპრესირებას ეცდება, თუმცა ჩვენ ამაზე ძლიერები ვართ," - მიმართავს გუაიდო მხარდამჭერებს.

აღსანიშნავია, რომ გუაიდო, შესაძლოა, დააპატიმრონ, რადგან 30 იანვარს მას ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი კოლუმბიის საზღვარზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მადუროს რეჟიმმა ბრაზილიიდან გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა. ადგილობრივებს ჰუმანიტარული დახმარების მიღება სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო მხარდამჭერებთან ერთად კოლუმბიის საზღვარზე ჩავიდა და კოლუმბიაში გადასვლაც მოახერხა. მან ჯარისკაცებს ტიენდიტასის ხიდიდან, კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკესთან ერთად მიმართა და თქვა, რომ მათ, ვინც გუაიდოს შეუერთდება ამნისტია შეეხება.

მისივე თქმით ჰუმანიტარულმა დახმარებამ ქვეყანაში ბრაზილიიდან უკვე შეაღწია, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს. მან თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში, ვენესუელის რეჟიმის ლიდერის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციებზე გამოსულთა ნაწილი მოკლეს, ხოლო ნაწილი პოლიციამ დააკავა, მათ შორის, არასრულწლოვნები.

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები