უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

"ქართული ოცნება" მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებზე შეთანხმდა

ტაბულა

"ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ უთხრა. მისი თქმით, კრიტერიუმებს საზოგადოება უახლოეს დღეებში იხილავს.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს იყო საუბარი ერთადერთ საკითხზე - დეტალურად გავიარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი, რაც ამ ჯგუფში დამუშავდა და უახლოეს დღეებში თქვენ იხილავთ. უახლოეს დღეებში საზოგადოება იხილავს პრეზენტაციას მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. არის არაერთი ეტაპი, რომელიც გარკვეულ ფილტრს წარმოადგენს მოსამართლედ გამწესებამდე", - თქვა მდინარაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე გახმოვანებულ პრინციპებთან დაკავშირებით გუნდში განსხვავებული აზრი პრაქტიკულად რა გამოთქმულა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტერიუმები მისაღებია უმრავლესობისათვის და მე ვფიქრობ, რომ ეს კრიტერიუმები მისაღები იქნება საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილისთვის, რომელიც ობიექტურად, ყოველგვარი სუბიექტური დამოკიდებულების გარეშე იქნება ამ საკითხის მიმართ", - აღნიშნავს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანმა სიამ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება გამოიწვია. შედეგად, უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და სხვა დეპუტატებმა. ამასთან, კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა უკმაყოფილებას იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებშიც.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატით უკმაყოფილოა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

კომენტარები