TBC ბანკის საქმე

ევროპულმა საქართველომ TBC-ზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

0 კომენტარი

ევროპული საქართველო პარლამენტში მოქმედ სხვა ფრაქციებს, მათ შორის უმრავლესობას, მოუწოდებს, შეუერთდნენ მათ მოთხოვნას და პარლამენტში TBC ბანკთან დაკავშირებით შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. 

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, დავით ბაქრაძის, თქმით, პარტიამ უკვე დაიწყო შესაბამისი ხელმოწერების შეგროვება. 

ბაქრაძე სამ მიზეზს გამოყოფს, რის გამოც, მისი აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია. 

"პირველი - ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან TBC ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს. ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის შედეგი. 

მეორე - ბრალდებები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის გაჟღერებული საკითხები, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებაში საარჩევნო მოსყიდვისთვის. ეს არის ის თემა, რომელზეც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილი და ვალდებულია, შექმნას საგამოძიებო კომისია, საკითხი გამოიძიოს და მიიტანოს საზოგადოებისთვის გასაგებ რგოლამდე. 

მესამე - ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ბატონ ხაზარაძის პოზიცია, რომ ის მზად არის შესაბამისი ფაქტები, მათ შორის, წერილი, რომელზეც ის საუბრობდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მას მიწერა ზეწოლის წერილი, ეს ფაქტები და ეს წერილი გამოაქვეყნოს და საჯარო გახადოს სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და მან გუშინ ითხოვა ამ კომისიის შექმნა,"- ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის თქმით, პარლამენტი ვალდებულია, დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი, შექმნას კომისია, რათა ამ კომისიაზე გამოქვეყნდეს ის წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. 

"ბრალდებები, რომლებიც გუშინ იყო, სცილდება TBC ბანკის თემას, სცილდება კონკრეტული ბიზნესმენების თემას და წარმოადგენს ძალიან მძიმე სურათს ქვეყანაში სისტემური დანაშაულის, რომელშიც ჩართულნი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები,"- ამბობს დავით ბაქრაძე. 

პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე 4 მარტს TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, მოუსმინეს, რომელმაც იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც წინ უძღოდა ბანკში პროკურატურის შესვლასა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი გადაყენების მოთხოვნას. 

ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომელშიც მაღალჩინოსანი მას "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში რეპუტაციული ზიანის მიყენებით ემუქრებოდა. ხაზარაძე ამბობს, რომ მან ეს არ შეასრულა. ამასთან, ბანკის დამფუძნებელმა თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოადგილესთან ერთად მასა და TBC-ის თანადამფუძნებელ ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა

ასევე ნახეთ: - რა იყო მთავარი მამუკა ხაზარაძის გამოსვლაშ

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

26 თებერვალს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც იყვნენ მიწვეულები. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა. 

რომან კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო.  ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, თუმცა ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები