მამუკა ხაზარაძეს საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე დაკითხავენ

5 მარტს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს დაკითხავენ. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

პროკურატურისვე ცნობით, ხაზარაძეს მოსამართლის წინაშე დაკითხავენ, რაც მისი სურვილი იყო. 

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე თუმცა ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, მას გიორგი გახარია არ უხსენებია. 

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას". 

კომენტარები