ქართული ოცნების პოლიტსაბჭო

გია ვოლსკი ქართულ ოცნებაში პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი იქნება

საქართველოს პარლამენტი

პარტია ქართულ ოცნებაში პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა შეიქმნა, რომელსაც პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი დაიკავებს. 

ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბრიფინგზე ისაუბრა. 

ვოლსკის პოლიტ. პარტიებთან ურთიერთობის მდივნად დანიშვნა ერთადერთი სტრუქტურული ცვლილება არ არის. კალაძის თქმით, პარტიულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება. ამასთან, ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს წევრიც იქნება. 

"ყველასათვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა ქართული ოცნების დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერმინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში," - თქვა კალაძემ. 

პოლიტსაბჭოს სხდომას თავად ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. ის პრემიერმინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა, რითიც წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა. თანამდებობაზე ყოფნის 2 წლის შემდეგ 2015 წლის 23 დეკემბერს მან პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

კომენტარები