სერგეენკო მუქარის წერილზე: გახარიას წლებია ვიცნობ, გამოვრიცხავ, მას ეს გაეკეთებინა

ipress.ge

ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს არ სჯერა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს დაემუქრა. მისი თქმით, ბრალდებას სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა.

"საკუთრივ საკითხი თავისი მასშტაბით, სპეციფიკით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად მოითხოვს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოკლე ვადებში განხილვას, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება (როგორც ნებისმიერ ბრალდებას) დამტკიცება, ან გამორიცხვა. ისე, დასკვნის წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. გიორგი გახარიას ვიცნობ, წლებია - სამსახურეობრივადაც, მეგობრულადაც და მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა“ - თქვა დავით სერგეენკომ.

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდნენ. ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, თუმცა, მას გიორგი გახარია არ უხსენებია. 

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას". 

5 მარტს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს დაკითხავენ. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძის სურვილი იყო, მოსამართლის წინაშე დაეკითხათ.

კომენტარები