ქართული ოცნება

ვოლსკი ღარიბაშვილზე: ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა პარტიაში

ტაბულა

ქართული ოცნების პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის გია ვოლსკის შეფასებით, "საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა პარტიაში". მისი თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეულია თავის ცოდნით, განათლებით, დამოკიდებულებით საკითხების მიმართ და ის ადამიანია, ვისთან ერთადაც ჩვენ ვაშენებდით პარტიას". დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ "ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი" უნდა გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება და მან ამ თანამდებობაზე სწორედ გია ვოლსკი ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი ქართული ოცნების პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გახდა და ამ პოსტის შემოღებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

"კოორდინაცია ამ მიმართულებით არის საგანგებო მნიშვნელობის, უახლოეს პერიოდში გახდება ეს აქტუალური, როცა წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება. არ შეიძლება, რომ საქართველოში მხოლოდ დაპირისპირებაზე ვიფიქროთ, არის ისეთი საკითხები, რომლებიც ხელშესახებად მნიშვნელოვანია როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის და რაც მთავარია, სახელმწიფოსთვის. საჭირო იყო და როდესაც პოსტების გადანაწილებაზე მიდგა საუბარი, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ პერიოდში მე დავიკავებ ამ თანამდებობას" - თქვა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივნად პარტიის პოლიტსაბჭოს 5 მარტის სხდომაზე დაინიშნა. ის პოლიტიკიდან 2015 წლის 23 დეკემბერს წავიდა. იქამდე, 2 წლის მანძილზე, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, შს მინისტრი იყო. 

კომენტარები