პროკურორი: დაკითხვაზე ხაზარაძეს მოვთხოვთ განმარტებას და მუქარის დამადასტურებელ დოკუმენტს

საქართველოს პროკურატურა

​თბილისის საქალაქო სასამართლოში თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარიძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ხაზარაძეს დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული მუქარის წერილის დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვენ.

პროკურორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 26 დეკემბრის გამოკითხვის დროს თიბისი ბანკის დამფუძნებელს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილის შესახებ არ უსაუბრია.

"ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, არ შეესაბამება სინამდვილეს. მას ასეთი განცხადება და განმარტება არ გაუკეთებია გამოკითხვისას. მან მხოლოდ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობების დატოვების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში მამუკა ხაზარაძეს მოვთხოვთ განმარტებებს იმის შესახებ, რაც მან გააკეთა საპარლამენტო კომიტეტის დროს და განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან და მოვთხოვთ აღნიშნული წერილის და ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტს", - ამბობს არჩილ ტყეშელაშვილი და დასძენს, რომ ხაზარაძესთან გამოძიებას დამატებითი კითხვები პარლამენტში მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაუჩნდა.

ჟურნალისტების კითხვას - თუ ხაზარაძემ გამოკითხვისას მუქარაზე ისაუბრა, რატომ არ დაინტერესდა ამით პროკურატურა კონკრეტულად გიორგი გახარიას სახელის ხსენებამდე, პროკურორმა კვლავ უპასუხა, რომ ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას გამოძიებას უთხრა შს მინისტრის მუქარის წერილის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტებმა პროკურორს ასევე ჰკითხეს, გამოკითხვის დროს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ზოგადად მუქარის შესახებ ისაუბრა თუ არა. არჩილ ტყეშელაშვილი ამ კითხვას არ პასუხობს.

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინ თავისივე სურვილით იკითხება. შენობაში შესვლამდე მან დაადასტურა, რომ დღევანდელ დაკითხვაზე გიორგი გახარიას მუქარის შემცველი წერილი მიიტანა.

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, მაგრამ მას გიორგი გახარია არ უხსენებია.

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას".

კომენტარები