პროკურორი: ხაზარაძის თქმით, წერილი შუამავალმა მიაწოდა - მან დღეს ამობეჭდილი ტექსტი მოიტანა

ტვ პირველი

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლის გამოკითხვაზე გახარიას მუქარის წერილის წარდგენის შესახებ ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, "რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია". 

ამასთან, პროკურორის თქმით, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გახარიას მუქარის წერილი შუამავალმა მიაწოდა.

"ბატონმა მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ფურცელზე, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა და როდესაც ჩვენ ვითხოვთ შუამავლის დასახელებას და მას გააჩნია ამის ვალდებულება, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, არ ასახელებს", - თქვა არჩილ ტყეშელაშვილმა ხაზარაძის დაკითხვის შემდეგ.

ჟურნალისტების კითხვას, რა ეწერა ამ წერილში, პროკურორი პასუხობს, რომ დოკუმენტი მათ ჯერ არ მიუღიათ და როცა სასამართლო მიაწოდებს, ავთენტურობის დასადგენად ყველა საპროცესო მოქმედებას ჩაატარებენ.

არჩილ ტყეშელაშვილს ასევე ჰკითხეს, იგეგმება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვა, რაზეც მან უპასუხა:

"როცა მივიღებთ წერილს სასამართლოდან და უფრო დეტალურად გავეცნობით შინაარსს, შემდეგ დავგეგმავთ მომდევნო საგამოძიებო მოქმედებს და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭირო იქნება ამ წერილის წარმომავლობის დასადგენად".

ჟურნალისტების სხვა კითხვებს პროკურორმა არ უპასუხა და ამის არგუმენტად "გამოძიების ინტერესები" მოიყვანა.

თავად მამუკა ხაზარაძემ დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ დღეს წერილის ასლი წარმოადგინა და ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინ თავისივე სურვილით დაიკითხა. შენობაში შესვლამდე მან დაადასტურა, რომ დღევანდელ დაკითხვაზე გიორგი გახარიას მუქარის შემცველი წერილი მიიტანა.

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, მაგრამ მას გიორგი გახარია არ უხსენებია.

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას".

კომენტარები