სექსუალური განათლება

მუქარის მიუხედავად, ხატია ახალაიამ სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილები განაახლა

განათლების და შრომის ასოციაცია

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორმა, ხატია ახალაიამ ვიდეოგაკვეთილები განაახლა. 

ახალი ვიდეო განათლებისა და შრომის ასოციაციის Facebook-ზე დღეს განთავსდა და ის მენსტრუალურ ციკლს ეხება. 

როგორც ახალაიამ ტაბულასთან საუბარში თქვა, დღესდღეობით მენსტრუაცია ტაბუირებული თემაა, რის გამოც მოზარდების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმშია.

"აღნიშნული ვიდეო არის მენსტრუალურ ციკლზე, მნიშვნელოვან დეფიციტურ ინფორმაციებს აწვდის გოგოებს, რა პროცესებია ჩვენს ორგანიზმში ამ პერიოდში, უფრო შესავალი ნაწილია...კითხვებზე პასუხებიც არის, რაც მოგვდის ყოველ დღე. ​ვიდეო იმ სტიგმის საპასუხოდაა, რაც ქალის სექსუალობასთან დაკავშირებით არსებობს.",- ამბობს ახალაია. 

მისი თქმით, მუქარები მისი და ოჯახის მისამართით არ წყდება. ახალაიას ამბობს, რომ გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს. 

"კიდევ მემუქრებიან, ყველგან მწერენ სადაც ხელი მიუწვდებათ. გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობს, მე მრჩება ასეთი განცდა. იბარებენ აიდენტიფიცირებენ ძალიან ნელა. ამ საქმეში კი მყისიერი მოქმედებაა საჭირო"- აღნიშნა მან. 

მისივე თქმით, მუქარების მიუხედავად საქმეს მაინც გააგრძელებს. 

"ცუდად ვარ მეც და ჩემი ოჯახიც, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, საქმიანობას ვაგრძელებ! უამრავი კითხვა მოგვდის ახალგაზრდებისგან და უნდა ვუპასუხოთ"- ამბობს ახალაია. 

აღნიშნულ საქმეზე, ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოკითხვები გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. 

ორგანიზაცია განათლებისა და შრომის ასოციაცია Facebook-ზე სექსუალური განათლების შესახებ ვიდეობს აქვეყნებს, სადაც მკვლევარი ბავშვებს და მოზარდებს სექსუალურ მომწიფებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინფორმაციას აწვდის და საფრთხეებთან გამკლავების ხერხებს ასწავლის. 

როგორც ორგანიზაციის გვერდზე ვკითხულობთ, ვიდეო მომზადებულია UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით და რეკომენდებულია 8 წლიდან. 

კომენტარები