პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ მთავრობის პოლიტიკას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზიდან. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას.

"ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს. სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა საკუთარი უსაფრთხოების და თავდაცვის გამყარებისთვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად, და გათვალისწინების შემდეგ ჩვენს დაშინებას და გეზის შეცვლას ვერ გამოიღებს. ხომ ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების საკუთარი გზიდან, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე.

ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია. არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტეხნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე, მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა.

მხარს ვუჭერ, როგორც ყველა ჩვენგანი, მთავრობის პოლიტიკას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც არის ჩვენი მშვიდობიანი გზავნილის განხორციელება დღეს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო არ ესწრება.

კომენტარები