გახარია ხაზარაძეზე: პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჭორაობის და ტყუილებისთვის

ლიბერალი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან იჭორავა, მიზანი კი შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების სკანდალებზე გატანა იყო. 

"თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მე ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება თუ პარლამენტი, ყოველთვის მზად ვარ, ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებსა და იმ შეფასებებზე, რომელიც მე მაქვს. 

გამოვყოფ რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს: 

პირველი გახლავთ ის, რომ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობის და ტყუილებისთვის. 

მეორე, ამას თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამისი მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოვიდა. 

და ყველაზე მთავარი, მესამე, მე როგორც ვიცე-პრემიერმა და ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეკონომიკისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს როგორც შს მინისტრს და ძალოვანი უწყების წარმომადგენელს, ასევე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალით და შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ანაკლიის პორტი ეს არის ამ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში და არავის არ გამოუვა არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით და ჭორაობებით ვალდებულებებს, რომლებიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს", - თქვა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. 

მუქარა შს მინისტრისგან, შანტაჟის ენით საუბარი სებ-ის პრეზიდენტისგან, ბანკზე კოორდინირებული შეტევა 4 უწყების მხრიდან ერთდროულად და ამას საეჭვოდ დამთხვეული კიბერშეტევა, კონფიდენციალურობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების დარღვევა - ამ საკითხებზე ისაუბრა TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 4 მარტს. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები