შეწყალების კომისია

პრეზიდენტის ინიციატივით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან გააკრიტიკა შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა.

"ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას. ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.

შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, მასში დამატებით ჩაერთვებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

"კომისია განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.

გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ შეწყალების უფლების გამოყენების "განსხვავებულ ფორმატზე" პრეზიდენტმა პირველად თებერვალში, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კონტექსტში ისაუბრა.

"მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში" - ამბობდა სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები