TBC ბანკის საქმე

თალაკვაძე: გაუგებარია, რა შუაშია ბატონ ხაზარაძის საქმესთან TV პირველი

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/talakvadze

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის გაუგებარია, რა შუაშია მამუკა ხაზარაძესთან ტელეკომპანია პირველი. ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილის ასლს, რომელიც, მათი მტკიცებით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა დაკითხვაზე წარმოადგინა როგორც გიორგი გახარიას მუქარა. დოკუმენტში წერია, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე" და ეს უნდა გამოჩნდეს არხის სარედაქციო პოლიტიკიდან.

"რეალურად, ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღია და არც რაიმე სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამ მოცემულობით წერილს არ გააჩნია. იმასაც კი არ გვეუბნებიან, ვინ მიიტანა თუნდაც ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებელს. ასევე, თუ შინაარსში შევალთ, გაუგებარია საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან და მის საქმესთან ტვ პირველი, რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან. როგორც ჩვენ ვიცით, ბატონი ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა კავშირი მას არ აქვს ამ ტელევიზიასთან", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

აქვე, დეპუტატმა კითხვით მიმართა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტებს - "რაიმე ბერკეტი ან გავლენა აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძეს მათზე".

ჟურნალისტების კითხვას, რომ სწორედ ტვ პირველის დამფუძნებელს ეკუთვნოდა ის კომპანიები, რომელმაც ისესხა ფული თიბისი ბანკისგან, არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა:

"და ამ შემთხვევაში ვის მხარეს არის მერე ეს არგუმენტი? ეს არგუმენტი სწორედ იმის საწინააღმდეგოზე მეტყველებს, რა ბრალდებებსაც ჩვენ ვისმენდით ამ საქმესთან დაკავშირებით".

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ გაუგებარია არტ არეას საკითხიც. წერილში წერია, "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

"საერთოდ რა შუაშია პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულად რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას არხი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს", - თქვა თალაკვაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორს და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც არის თიბისი ბანკი და "კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღკვეთს იმ შესაძლო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შესაძლოა რომელიმე კერძო პირს შეიძლება ჰქონოდა ან ჰქონდეს მომავალში".

უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მიუღებელია საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა.

"დაველოდოთ საქმის სრულყოფილ შესწავლას და გამოძიების შედეგებს და ნურავინ შეეცდება, რომ ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადოს. ახლანდელი მოცემულობით, ეს აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საკითხის სამართლებრივი დავის ნაცვლად მისი პოლიტიკურად გადაწყვეტის მცდელობასთან. ეს ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენი მთავარი მოლოდინი არის, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული და გადაჭრილი", - თქვა დეპუტატმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, TV პირველის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელია. ავთანდილ წერეთელი ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რომელზეც მთავარი პროკურატურა TBC-ის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ედავება. სწორედ ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

დღეს, 6 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ დაკითხვაზე წარდგენილი წერილი, სადაც ადრესატისგან ითხოვენ, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე", მამუკა ხაზარაძემ თქვას, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი". წერილში მითითებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და ამას გააკეთებენ საჯაროს, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის. მამუკა ხაზარაძის თქმით, სწორედ ეს წერილი გაუგზავნა მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან აღნიშნა, რომ დაკითხვაზე დოკუმენტის ასლი წარმოადგინა და დედანი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმაც, რომელაც მედიას უთხრა, რომ ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი მან შუამავლის საშუალებით მიიღო, ხოლო წერილი, რომელიც ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა "ამობეჭდილი იყო და მისი ამობეჭდვა ნებისმიერს შეეძლო".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები