ქართული ოცნება

ღარიბაშვილის აზრით, ოპოზიციის რეიტინგი მთავრობის "ხისტი პოლიტიკის" ნაკლებობის გამო გაიზარდა

Irakli Garibashvili Official/Fb.com

"როგორ მოხდა, როგორ მოხდა ამ ბოლო სამ წელიწადში ამ ძალის [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და "სააკაშვილის სატელიტების"] ისე რეანიმირება და გაძლიერება, რომ ამდენი აიღეს" -  ამის შესახებ ქართული ოცნების ახალმა პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, "ჩემს პერიოდში, ბატონი ივანიშვილის და შემდეგ ჩემი პრემიერობის დროს, ამ დესტრუქციული ელემენტების რეიტინგი იყო თითქმის 6-7%-ზე დასული". 

გადაცემა "რეაქციის" წამყვანის კითხვაზე - ვის ეკითხება, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს - "თუნდაც ჩვენს თავს". კითხვაზე, ღიად უპირისპირდება გიორგი კვირიკაშვილს? ყოფილი პრემიერმინისტრის პასუხია - "ღიად არა". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც სვამს ამ კითხვას - "როგორ შევძელით, როგორ მოვახერხეთ...". ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აქვს პასუხი - როგორ "მოახერხეს".

"მე მაქვს პასუხი, როგორ მოვახერხეთ. მაშინ მე მქონდა ხისტი პოლიტიკა, ჩემს დროს მოხდა მთელი ამ დანაშაულების გამოძიება, კრიმინალური საქმეების, ეს ადამიანები კრიმინალები არიან, თქვენი რესპონდენტები, უგულავა, მათ შორის, არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, მათ სასჯელი მოიხადეს, მოხდა ისე, რომ მათ ვადაზე ადრე დატოვეს საპატიმრო და ბევრი ახლაც იხდის სასჯელს ძალიან მძიმე სისხლიანი დანაშაულების გამო" - თქვა ექსპრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მას გუნდთან, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება ჰქონდა.

"უთანხმოება, განსხვავებული პოზიცია მაშინაც მქონდა და ახლაც მაქვს - შეუძლებელია ამ ადამიანების სწორ გზაზე დაყენება. ბატონი ივანიშვილის ჰუმანური სურვილი იყო, მომხდარიყო საზოადოების კონსოლიდაცია, მაგრამ ეს აღმოჩნდა შეუძლებელი" - თქვა ღარიბაშვილმა "რეაქციაში".

საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. საბოლოო შედეგებით, სახელისუფლებო, ე.წ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 40.48%.

კომენტარები