TBC ბანკის საქმე

გიორგი ქადაგიძე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, რაზეც მან უარი განაცხადა

0 კომენტარი
ფოტო: ილიაუნი

პროკურატურამ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე TBC ბანკის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

პროკურატურაში ტაბულას აგრეთვე უთხრეს, რომ ქადაგიძემ უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე. პროკურატურის ცნობით, უწყება შესაბამისი შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს ხვალ მიმართავს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება დაკითხვის ზუსტი დრო. 

ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც TBC ბანკმა სადავო ტრანზაქცია განახორციელა. 

ტაბულა ამ დრომდე ცდილობს გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებას. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

წაიკითხეთ, რას ყვება თავად მამუკა ხაზარაძე 2007-08 წლების ტრანზაქციებზე აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები