ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

"112"- ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა

0 კომენტარი
ფოტო: UNWOMEN

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, "112"- ის მობილურ აპლიკაციაში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაც გახდა შესაძლებელი.

აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით დაემატა. აქ დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ, ან იციან ასეთი შემთხვევები შესახებ. აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების შესახებაც. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

ამ ინიციტიავით "112" გენდერულ კვირეულს შეურთდა, რომელიც 3 - 8 მარტს იმართება. კვირეულის ფარგლებში, 7 მარტს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებაცაა დაგეგმილი, რომლის დროსაც 112-ის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ცნობისთვის, 112-ის მობილური აპლიკაციის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს ისეთი შემთხვევებისთვის, როცა მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია. ეს ფუნქციონალი ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები