მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: განათლების დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება, 2022 წელს მშპ-ს 6% იქნება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თავისი ახალი ინიციატივა "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" წარადგინა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ორი მტერი ჰყავს - სიღარიბე და ოკუპაცია. 

ბახტაძე ამბობს, რომ განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს.

"მაქსიმუმს მიაღწევს, როდესაც ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს,"- ამბობს ბახტაძე. 

პრემიერმინისტრის თქმით, ეს სპეციალური კანონმდებლობით "საგანმანათლებლო აქტით" იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც მისივე თქმით, არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. 

"უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 - 11%-იანი ზრდით", - ამბობს მამუკა ბახტაძე. 

ბახტაძე ფიქრობს, რომ ეს ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს მსოფლიოს წამყვან ქვეყანად აქცევს, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი "განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება" იქნება. 

კომენტარები