რუსეთ-საქართველოს ომი

აგვისტოს ომგამოვლილი ქალების ისტორიებს შვედეთშიც წაიკითხავენ

0 კომენტარი

წიგნი აგვისტოს ომგამოვლილ ქალებზე - შვედეთი უკვე მესამე ქვეყანაა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი ქალების ამბებს მოისმენენ და წაიკითხავენ.

ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ფოტოწიგნის "sHEROes" პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა სტოკჰოლმში დღეს გაიმართება.

წიგნის მთავარი გმირები არიან განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა; ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები - შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში. 

ავტორები ამბობენ, რომ "sHEROes" სწორედ ასეთი ქალების - რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია.

"ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია - დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე".

წიგნის ავტორები და ღონისძიების ორგანიზატორი მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე სალაპარაკოდ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია.

"დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება", - ამბობენ ისინი.

"sHEROes"-ს დღეს შვედეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, შვედეთის სამხედრო აკადემიის მაგისტრანტი, მარიამ ორჯონიკიძე წარადგენს. პრეზენტაცია სწორედ მისი ინიციატივითა და "საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან" თანამშრომლობით ტარდება.

ორენოვანი - ქართულ-ინგლისური წიგნი გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" 2018 წელს გამოსცა. 2018 წელსვე, საქართველოში ჩატარებული 7 გამოფენისა და პრეზენტაციის შემდეგ, "sHEROes"-ის წარდგენა ლიეტუვის პარტლამენტსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში შედგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები