აშშ

ამერიკელი სენატორის თქმით საჰაერო ძალებში მსახურობისას ზემდგომმა ოფიცერმა გააუპატიურა

WashingtonPost

ამერიკელმა სენატორმა, მართა მაკსალიმ თქვა, რომ როდესაც აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობდა მისმა ზემდგომმა მასზე სექსუალურად იძალადა.

მან სენატში სამხედრო ძალებში სექსუალური ძალადობის შესახებ მოსმენაზე ისაუბრა. მაკსალის თქმით გაუპატიურების შესახებ არავისთვის უთქვამს იმიტომ, რომ რცხვენოდა და სისტემას არ ენდობოდა.

"ისევე როგორც თქვენ, მეც სამხედრო ძალებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ბევრი მამაცი ადამიანისაგან განსხვავებით, ამის შესახებ არ მისაუბრია. როგორც ბევრი ქალი და კაცი, მაშინ მეც არ ვენდობოდი სისტემას. მე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. მრცხვენოდა და დაბნეული ვიყავი. დამნაშავეები საკუთარ ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ. მე ჩემმა ზემდგომმა ოფიცერმა გამაუპატიურა." თქვა მან.

52 წლის სენატორის თქმით რამდენიმე წლის შემდეგ უფროს ოფიცრებთან ამაზე საუბარი სცადა, თუმცა მათი პასუხი არაადეკვატური იყო.

"მე კინაღამ დავშორდი საჰარო ძალებს 18-წლიანი სამსახურის შემდეგ სასოწარკვეთის გამო. როგორც ბევრ მსხვერპლს, მეც მქონდა შეგრძნება, რომ სისტემა ხელახლა ძალადობდა ჩემზე." თქვა მან.

მაკსალი პირველი ქალი იყო, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების პილოტი გახდა და ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მან საჰაერო ძალებში 26 წელი იმსახურა.

მაკსალის სექსუალურ ძალადობაზე წარსულშიც არაერთხელ უსაუბრია. გასულ წელს the Wall Street Journal-თან საუბარში მან თქვა, რომ როდესაც 17 წლის იყო, სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელმა აიძულა მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა.

2017 წელს აშშ-ის სამხედრო ძალებში სექსუალური ძალადობის 6,800 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იანი ზრდაა

კომენტარები