ანაკლიის პორტი

ბახტაძე: როგორ შეიძლება ენა მოუბრუნდეს ვინმეს და თქვას, რომ "ანაკლიის" რეალიზება არ გვსურს?!

facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერმინისტ მამუკა ბახტაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ამ პროექტის რეალიზება, პოლიტიკური სპეკულაციაა.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, ის გახლავთ ჩემი ხედვის, ჩემი სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ანაკლიის პორტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა.

აქედან გამომდინარე, მინდა დავსვა ძალიან ლოგიკური კითხვა - როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია?! ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც მე ბოლო პერიოდში მომისმენია და ამავე დროს სრულიად უპასუხისმგებლობა. თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავდროულად არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის საკუთარ თავს ამის უფლებას ნამდვილად არ მისცემს", - თქვა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშა, რომ არ ჰგონია ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, ვისაც ანაკლიის პორტის პროექტში მასზე მეტი დრო და ენერგია აქვს ინვესტრირებული.

"მინდა გულწრფელად და გარკვეული ემოციებით გითხრათ, რომ ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას, მართლაც ჩემთვის ძალიან რთულია, რომ ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი. ვინაიდან, არამგონია ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე - გინდა პრემიერმინისტრის პოსტზე, გინდა ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და გინდა საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში", - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ახორციელებს, რომელიც თიბისი ჰოლდინგს და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს Conti International-ს აერთიანებს. საუბარია იმაზე, რომ TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება პროექტის განხორციელებას აფერხებს.

კომენტარები