ხოშტარია: მაგარი მთავრობა გვყავს, რა საქმეებიც არ აწყობთ, მსხვერპლს ეუბნებიან, დაგვიმტკიცეო

ტაბულა

"მაგარი მთავრობა გვყავს: რა საქმეებიც აწყობთ, წინასწარ აქვთ გამოძიებულიც, შეფასებულიც და დალანძღულიც და რაც არ აწყობთ, მსხვერპლს ეუბნებიან, გამოიძიეთ და დაგვიმტკიცეთ აბა, თუ მაგრები ხართ. მტკიცებულებას ანახებ და თუ ურტყამდა - აშველებდაო, დნმ არ არის - მოირეცხებოდაო, ეგ ქაღალდი ფარატინა არისო.

თან დებილი რომ გონიხარ

მერე ზუსტად ვხედავ დამარცხებულზე ინდივიდუალურ წუწუნს: "აბა მე რა მექნაო", - წერს ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ფეისბუქზე. 

ხოშტარია იმ მუქარის წერილს ეხმაურება, რომლის შესახებაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ისაუბრა და თქვა, რომ ის შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ ხაზარაძემ სასამართლოში ჩვენება მისცა და წერილი პროკურატურას გადასცა. უწყებამ ის გამოაქვეყნა. 

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ "ხაზარაძემ სასამართლოში ამობეჭდილი წერილი მიიტანა, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო". 

"გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან", - განაცხადეს უწყებაში. 

მუქარის წერილი ფიგურირდებდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ერთ-ერთი ბრალდების საქმეში. უგულავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 5 ივლისს შეუფარდა. უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ყვებოდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ფალსიფიცირებული მუქარის წერილი მიიტანა, რომელიც თითქოსდა გიორგი კაპანაძემ [რიჟა] გიგი უგულავასგან ლონდონში ყოფნის დროს შუამავლის, "შავგრემანი, ახმახი კაცის", საშუალებით მიიღო.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი თავის გადაწყვეტილებაში წერდა, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავას გიორგი კაპანაძეზე ზეწოლა არ განუხორციელებია. ადვოკატ ბასილაიას შეფასებით, აბსურდია მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე ყოფილიყო.

კომენტარები