მამუკა ბახტაძე

ბახტაძე FRESCO-ს დამფუძნებელზე: ასეთ მძიმე ბრალდებას რომ აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან პასუხი აგო

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრი პასუხობს ფრესკოს დამფუძნებლის განცხადებას, სადაც ვასილ სოფრომაძე ამბობს, რომ აქვს კადრები, სადაც ჩანს როგორ "ატრიალებენ" იარაღს და იპარავენ პროდუქციას ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეს განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ჟურნალისტების კითხვის შემდეგ აღნიშნავს, რომ სოფრომაძემ ბრალდებები უნდა დაადასტუროს.

"იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ჩვენი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო. გვაჩვენოს, საზოგადოებას აჩვენოს... საგამოძიებო ორგანოები ყოველთვის მზად არიან...", - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის და თუ ფრესკოს დამფუძნებლის ბრალდებები გამყარებულია ფაქტებით, ის გამოძიების მოკლე დროში დასრულებას მოითხოვს.

"კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ჩვენი ფილოსოფია - ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული ადამიანი, მეწარმე, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენი მიდგომა, ეს არის ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, ვინც მოითხოვს ასეთი გამოძიებების უმოკლეს ვადაში დასრულებას. შემიძლია ამაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღო", - ამბობს ბახტაძე.

სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ Facebook-ზე პოლიტიკოსებისადმი ვიდეომიმართვა გუშინ, 7 მარტს გაავრცელა. ვიდეოში სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ. ვიდეომიმართვაში ფრესკოს მფლობელი ასევე ამბობს, რომ მან იცის, რომ შესაძლოა, იმის გამო, რაც მან თქვა, პასუხი მოსთხოვონ. 

კომენტარები