ბიზნესზე ზეწოლა

ფადი ასლი კალაძეს პასუხობს და "სახელმწიფოს დაზარალებული კომპანიების" სიას აქვეყნებს

ტაბულა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე ფადი ასლი თბილისის მერს პასუხობს. კახა კალაძემ თქვა, რომ ვერავინ დაასახელებს ბიზნესს, რომელიც 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებას წნეხის ქვეშ ჰყავს. ფადი ასლი ამბობს, რომ ჩამოთვლის მხოლოდ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებით დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ. მისი თქმით, ამ კომპანიებს პრობლემების აღმოფხვრასა და სახელმწიფოსთან მოსალაპარაკებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) ეხმარებოდა.

"მე ნამდვილად მაქვს კალაძის მიმართ პირადი სიმპათია, რომელიც ვფიქრობ არის კარგი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული, რომელსაც სურს თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მე არ ვადანაშაულებ მას ათობით, ასობითაც კი, არსებული მსგავსი კომპანიის არსებობის უცოდინრობაში, რომლებიც 2012 წლიდან სახელმწიფოს წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი და მე შემიძლია ამ სიას ათეულობით კომპანიები დავამატო, რომლებიც დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და რომლებიც დღესაც იმყოფებიან წნეხის ქვეშ.

  • Algorithm LTD
  • Iconia Capital
  • G-Paradise
  • Philip Morris
  • British American Tobacco
  • American Georgian Alloys
  • Terabank
  • KazTransGas
  • InterRao
  • City Park
  • Batumi Port
  • Optical Systems Inc
  • Samih Habib Investments
  • Caucasus I Fund
  • Anka Food Switzerland
  • Giganti Security Ltd
  • Lopota Valley Ltd
  • Chateau Telavi Ltd
  • Meskhuri Sakhli Ltd
  • Geoconstruction
  • Gegmet LTD

მათივე თავმოყვარეობისა და რეპუტაციის სანდოობის გამო, მოვუწოდებ სახელმწიფო წარმომადგენლებს, თავს ნუ მოიტყუებენ თითქოს ბიზნესები არ არიან წნეხის ქვეშ, თითქოს არ ზარალდებიან, არ ისჯებიან და არ კოტრდებიან მათივე ხელისუფლების მიერ" - აცხადებს ფადი ასლი და მოუწოდებს სახელმწიფოს, "სასწრაფოდ შეაჩერონ ეს კრიმინალური ქმედებები ფრესკოს ჩათვლით ყველა ბიზნესის მიმართ".

თბილისის მერმა კახა კალაძემ კომპანია "ფრესკოს“ დამფუძნებლის და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვიდეომიმართვებთან დაკავშირებით თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფო ბიზნესს არ ატერორებს. 

"2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს, ვერც ერთ ფაქტს ასეთს ვერ დამისახელებთ და არ ვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც კონკრეტული პიროვნება რაღაც არასწორს და კანონის საწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება" - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, ფრესკოს დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ ფინანსთა სამინისტროს მიმართა და განაცხადა, რომ უწყების თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ.

თამაზ ელიზბარაშვილი კი, საერთაშორისო სავაჭო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მიმართვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "თიბისის მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად შოკის მომგვრელი არის ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი და დამყოლი დამოკიდებულება". თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, თუ ამერიკის მოქალაქეობას მისცემენ, "ისეთ მასალებს დაგიდებთ ამ მთავრობაზე, სააკაშვილის მთავრობის ჩადენილი დანაშაული მონაგონი იქნება".

"მაგრამ ორი თავი ხო არა მაქვს, გამოვიდე და ვილაპარაკო. ხაზარაძეს რა უქნეს და მე რას მიზამენ. ფადი ასლი, კარგია ხო, ამერიკის პასპორტი რომ გიდევს ჯიბეში. მომეცით მეც ამერიკის პასპროტი და ისეთ რაღაცეებს ვიტყვი ბიზნესთან დაკავშირებით სულ ცხარე ცრემლით ვატირებ ქართული ოცნების მთავრობას. თურმე ბიზნესი თავისუფალია. მოუყევით ეგ ზღაპარი" - ამბობს ელიზბარაშვილი ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები