ბრექსითი

მეი პარლამენტს: Brexit-ის გეგმას მხარს თუ არ დაუჭერთ, შესაძლოა, ევროკავშირი ვერასოდეს დავტოვოთ

EPA

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ გრიმსბიში გამოსვლისას თქვა, რომ თუ პარლამენტარები მის ბრექსითის შეთავაზებს მხარს არ დაუჭერენ, შესაძლოა ბრიტანეთმა ევროკავშირი ვერასოდეს დატოვოს.

ტერეზა მეიმ პარლამენტარებს მოუწოდა ერთმანეთს შორის უთანხმოება დაივიწყონ და ქვეყნის მომავალზე იფიქრონ.

"გადამწყვეტი არჩევანია: მხარს დაუჭერთ ბრექსითის შეთანხმებას, თუ უარყოფთ მას. თუ მხარს დაუჭერთ, ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს. თუ უარყოფთ, არავინ იცის რა მოხდება. შესაძლოა ჩვენ ევროკავშირი ბევრი თვის მანძილზე ვერ დავტოვოთ, შესაძლოა შეთანხმების დამცავი მექანიზმების გარეშე დავტოვოთ. ისიც არის შესაძლებელი, რომ ვერასოდეს დავტოვოთ ევროკავშირი." თქვა მეიმ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მის მიერ მიღწეულმა ბრექსითის შეთანხმებამ გასული წლის დეკემბერში პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა, ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააგრძელა.

პარლამენტარების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავაზი მიზეზი ე.წ. ბექსტოპის ნაწილია. ბრიტანეთის პარლამენტმა არსებულ შეთანხმებაში ე.წ. ბექსტოპის ჩანაცვლებას მხარი 317-ით 301-ის წინააღმდეგ დაუჭირა. არსებული შეთანხმების მიხედვით გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში და ვერ დატოვებდა მას მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლის, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნება. გარდა ამისა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ გასვლის თაობაზე შეთანხმებას დადგენილ ვადამდე, 29 მარტამდე ვერ მიაღწევენ, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, რაც როგორც ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში ყველაზე არასასურველ სცენარად მიაჩნიათ.

კომენტარები