კრიმინალი

სამი მოზარდის მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 2 მარტს მოხდა.

"კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა ბ.მ.-მ ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვნებს: ნ.ჭ.-ს ლ.ფ.-ს და ნ.ყ.-ს. სამივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო მკურნალობას ერთი მათგანი აგრძელებს, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები