უკანონო იარაღის ამოღება

კალაშნიკოვის ავტომატები, ხელყუმბარა, პისტოლეტი და ტყვიები - შსს-მ სამეგრელოში იარაღი ამოიღო

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში 1985 წელს დაბადებული გ.ყ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი 304 ვაზნით, "ფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა, მაკაროვის სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები