ქართული ოცნება

​როგორ უნდა დაიყენო მეტყველება და დაჯდე კამერის წინ - რას ასწავლიან "ოცნების" ტრენინგებზე

ტვ პირველი

ქართული ოცნებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ პარტიაში იმართებოდა ტრენინგები, სადაც ასწავლიდნენ კამერასთან მუშაობას, ასევე, მეტყველებას.

"მე მიმიღია მონაწილეობა.​ ​როგორ უნდა დაიყენო მეტყველება, როგორ უნდა დაჯდე კამერის წინ... სულ ორ თუ სამ შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მითხრეს სულ ტყუილად იკავებ ადგილს, გადი აქედანო და გავედი. მაგრამ ჯგუფურად იმართებოდა ასეთი შეხვედრები", - თქვა დეპუტატმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამას ყველა პარტია აკეთებს.

"ახლა გვეცინება, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია, ყველა პარტია აკეთებს", - დასძინა კვაჭანტირაძემ.

გადაცემაში ასევე სტუმრად მყოფმა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც "ქართული ოცნება" ზვიად კვაჭანტირაძეზე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, აღნიშნა, რომ პრობლემაა არა ტრენინგები, არამედ ის, რომ ცალკეული ადამიანებისგან ცდილობენ პოლიტიკოსების შექმნას.

"პრობლემა არის არა იმაში, რომ ტრენინგებს უტარებდნენ პოლიტიკოსებს, პრობლემა არის იმაში, რომ ცალკეული პიროვნებებისგან ცდილობენ პოლიტიკოსები შექმნან ტრენინგებზე. თუ პოლიტიკოსი, რომელიც შეიქმნა ქუჩაში, თავისი ბიოგრაფიით, საჭიროებს რაღაცის დახვეწას, ამაში ლოგიკა არის. მაგრამ როდესაც ქმნი ლაბორატორიას, სადაც გინდა ხელოვნურად გამოიყვანო შარიკოვები და მათ დაარქვა პოლიტიკოსები... ქართულ ოცნებაში დავინახეთ ადამიანები, რომლებიც მეგონა, რომ 1970-იანი წლების კონვეირებიდან იყვნენ მოხსნილები. არიან ადამიანები, კომკავშირლები, რომლებიც წესით... ტელევიზორები რომ იყო, საბჭოთა კავშირის დროს, შავ-თეთრი ხო, ისე რომ მოიხსნა კონვეირებიდან, მეგონა, რომ ეს ტიპაჟებიც ასე იყვნენ", - თქვა ფოფხაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, კონკრეტულად სად იყვნენ ასეთი ადამიანები, დეპუტატმა უპასუხა, რომ პარტიაშიც და პარლამენტშიც. ეკა ბესელიამ კი დასძინა, რომ დიდი ნაწილი მის, ანუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იყო.

აქვე, ზვიად კვაჭანტირაძეს ჰკითხეს, ვინ იყო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც აღნიშნულ ტრენინგებს გადიოდა და იყო თუ არა ეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ამ კითხვას დეპუტატმა უარყოფითად უპასუხა, ეკა ბესელიამ კი აღნიშნა - "რომ ევლო, უკეთესი იქნებოდა". გედევან ფოფხაძის თქმით კი, "ის უკვე ის კონდიცია იყო", რომელიც მან ახსენა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა, "ქართული ოცნების" შემდეგი დეპუტატები არიან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ნინო გოგუაძე, გოგა გულორდავა, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მამუკა მდინარაძე, რუსლან პოღოსიანი, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი ხატიძე.

კომენტარები