რუსთავი 2: გიორგი გახარიას მუქარის წერილი მამუკა ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ გადასცა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მუქარის წერილი ბადრი ჯაფარიძემ გადასცა. 

არხის ცნობით, ეს მათ მათ ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. 

ბადრი ჯაფარიძე მამუკა ხაზარაძესთან ერთად TBC ბანკის დამფუძნებელია.

რუსთავი 2 ამბობს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ მუქარის გზავნილი ავტოფარეხში გადასცა.

რ2-ის თქმით, ბადრი ჯაფარიძე შს მინისტრის, გიორგი გახარიას მეზობელია - ის, თბილისში, ამაღლების 12-ში პირველ სადარბაზოში ცხოვრობს, გახარია კი მეორე სადარბაზოში.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე TBC ბანკის ირგვლივ არსებულ მრავალ საკითხზე ისაუბრა. ის მოყვა 2007-2008 წლების ტრანზაქციების დეტალებს, რაზეც პროკურატურამ 11 წლის შემდეგ გამოძიება დაიწყო, ასევე თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას მუქარის წერილი გაუგზავნა. 

მომდევნო დღეს, 5 მარტს მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში ჩვენება მისცა, 6 მარტს კი პროკურატურამ წერილი გამოაქვეყნა

მასში ნათქვამია, რომ გახარია ხაზარაძეს სამ რამეს სთხოვს: 

  • უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან). 
  • მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი). 
  • არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

კითხვაზე, დაკითხავენ თუ არა შს მინისტრს გიორგი გახარიას, პროკურორი ამბობს, რომ "გამოძიება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ობიექტური სურათის შესაქმნელად, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ჩვენ გვაქვს ე.წ დოკუმენტი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, იგი არის ასლი და მით უმეტეს, ბატონი ხაზარაძე არ ასახელებს შუამავალს, ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე მოქმედების შესაძლებლობას".

კომენტარები